სოფელ სავანეთში, სადაც ერთ პირს კორონავირუსი დაუდგინდა, განმეორებითი თერმოსკრინინგი მიმდინარეობს
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სავანეთში, სადაც ერთ პირს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, მედიკოსები განმეორებით თერმოსკრინინგს ატარებენ. ექიმები ადგილობრივებს უზომავენ ტემპერატურას, ეკითხებიან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და იკვლევენ, ხომ არ აღენიშნებათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი. მოქალაქეებს ასევე ურიგებენ საინფორმაციო ბარათებს, რომლებიც კორონავირუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს შეიცავს.
„ახლა გასული არის ექვსი ბრიგადა და დღეს სწრაფ რეჟიმში გაკეთდება მოსახლეობის თერმოსრკინინგი. თუ იქნება ასეთი შემთხვევები, რომ იქნება მარტო ტემპერატურა ან რომელიმე რესპირატორული სიმპტომი, მოხდება ნიმუშების აღება. თუ მარტო რესპირატორული სიმპტომი იქნება, ამ შემთხვევაში მოხდება მხოლოდ მეთვალყურეობის დაწესება და იმის მიხედვით, როგორ მოითხოვს საჭიროება, მოხდება ლაბორატორიული კვლევა“, – განაცხადა ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მაკა მამარდაშვილმა.
დასახლებაში უკვე მეორე დღეა, მუშაობენ ეპიდემიოლოგებიც, რომლებიც ინფიცირებულის კონტაქტებს იკვლევენ. ამ დროისთვის მოძიებულია 27 კონტაქტი და ეპიდემიოლოგების ცნობით, ამ კონტაქტების სია არ არის მრავალრიცხოვანი.
„რაც შეეხება კონტაქტებს, მრავალრიცხოვანი კონტაქტები არ არის, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ გვაინტერესებს, პირველ რიგში, პირველადი წყარო და თან თვითიზოლაციის რეჟიმს ვერ დაიცავენ გარკვეული პირები, ამიტომ გადაწყდა, რომ მჭიდრო კონტაქტები, 14 პირი გადაყვანილი იქნას საკარანტინო სივრცეში. ყველანაირი პირობების დაცვით მოხდება მათი გადაყვანა საკარანტინო სივრცეში და მათზე მეთვალყურეობის დაწესება“, – განაცხადა მაკა მამარდაშვილმა.
რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ პირს, ის მკურნალობას გადის თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.