ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სადაც უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება
ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სადაც გუშინ ღამით უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, კვლავ პოლიცია აკონტროლებს და ლენტით არის შემოსაზღვრული. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
საფრენი აპარატის ჩამოვარდნის ადგილთან ახლოს ვენახი მთლიანად დამწვარი და განადგურებულია.
ადგილი, სადაც საფრენი აპარატი ჩამოვარდა, დასახლებული პუნქტიდან ორი კილომეტრითაა დაშორებული. საბედნიეროდ, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. ტერიტორიაზე იმყოფებიან ექსპერტები და პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. სავარაუდოდ, ისინი აქ საგამოძიებო მოქმედებების დასრულებამდე დარჩებიან.
როგორ მოხვდა უპილოტო საფრენი აპარატი და რამ გამოიწვია აფეთქება, ამასთან დაკავშირებით კომენტარი შესაბამის უწყებებს არ გაუკეთებია.
უპილოტო საფრენი აპარატები გუშინ საღამოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს მახლობლად და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატანთან ახლოს ჩამოვარდა.