სოფელ სალიბაურის მოსახლეობამ ხელვაჩაურის მერთან შეხვედრის შემდეგ აქცია შეწყვიტა
ხელვაჩაურის სოფელ სალიბაურში, სადაც სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით მოსახლეობამ აქცია გამართა, ადგილზე მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანაძე მივიდა. მოსახლეობა მერს ხმაურით შეხვდა.
„სად წაიღეთ ხუთი მილიონი, რაში დახარჯეთ. ეს საქმე აუდიტის დასკვნაშიც მოხდა, რატომ არ აქვს შეღავათი ხალხს”, – მიმართა მერს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ხელვაჩაურის საკრებულოს დეპუტატმა, მიშა ბოლქვაძემ.
მერის განცხადებით, ხვალიდან წყალი გრაფიკით აღდგება, ახლო მომავალში კი პრობლემა მოგვარდება.
„წყალგაყვანილობისთვის მტირალას მთიდან წყლის მილებით გამოყვანის პროექტისთვის დაიხარჯა 5 მილიონი. ყველას შეუძლია შეამოწმოს შესრულებული სამუშაოები, მაგრამ არის გვალვა, წყალი არ არის, ეს არის ბუნების მოვლენა, ამას ვერ გათვლი. წყალი აღდგება ხვალიდან გრაფიკით, უახლოეს მომავალში კი სოფლის ნახევარი მომარაგდება ბათუმის წყალმომარაგების სისტემიდან. ამ ნაწილში დაზოგილი წყალი გადანაწილდება სოფლის დარჩენილ ნაწილზე, – განაცხადა ჯუმბერ ვარდმანიძემ.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი ორი დღის განმავლობაში დაელოდებიან შედეგს და დანაპირების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აქციებს განაახლებენ.