სოფელ სალიბაურში 60-მდე ოჯახი ხელისუფლებისგან ალტერნატიული საცხოვრებლის გამოყოფას ითხოვს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში, ყოფილი ჩაის ქარხნის შენობაში რვა წლის წინ თვითნებურად შესახლებული 60-მდე ოჯახი ხელისუფლებისგან ალტერნატიული საცხოვრებლის გამოყოფას ითხოვს.
როგორც ისინი ამბობენ, ყოფილი ქარხნის შენობა ამორტიზებულია და ცხოვრებისთვის საფრთხის შემცველია.
„აქ თითქმის 60-მდე ოჯახი ცხოვრობს. არჩევნებამდე დაგვპირდნენ, რომ მოგვცემდნენ დაკანონების უფლებას. გარკვეული საბუთებიც მოგვთხოვეს ამისთვის, მაგრამ მერე ეს არ გახდა შესაძლებელი. აქ ცხოვრება შეუძლებელია, ყოველ დღე საფრთხის ქვეშ ვართ. ვითხოვთ, რომ შეამოწმონ, რა მდგომარეობაში ვცხოვრობთ, რამდენად ვარგისია საცხოვრებლად ეს ფართები, გაგვასახლონ აქედან და მოგვცენ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ია ბაჯაძე.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თუ 10 დღეში ხელისუფლება არ მიიღებს მათ სასარგებლო გადაწყვეტილებას, აქციებს მთავრობის შენობასთან გამართავენ.