სოფელ რუისის მოსახლეობამ სარწყავი წყლის მოთხოვნით ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის მოსახლეობამ სარწყავი წყლის მოთხოვნით ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა. რუისის მოსახლეობა სარწყავი წყლის მოთხოვნით აქცია თავდაპირველად სოფლის ცენტრში გამართა, რის შემდეგაც მოსახლეობამ ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალი გადაკეტა.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები. საპატრულო პოლიციის მოთხოვნის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა გზა რამდენიმე წუთში გახსნეს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ უკვე ორი კვირაა, სარწყავი წყალი არ მიეწოდებათ და ისინი მოსავლის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე დგანან.
ადგილზე არიან მელიორაციის სამსახურის და ქარელის საკრებულოს წარმომადგენლები. მოსახლეობა მათ უყურადღებობაში ადანაშაულებს. მელიორაციის წარმომადგენლები რუისელებს გრაფიკის დაცვას სთხოვენ.
შიდა ქართლის მელიორაციის სამსახურის წარმომადგენლებმა განუმარტეს მოსახლეობას, რომ ტაშისკარის მაგისტრალური არხიდან წყალი სოფელს გრაფიკით მიეწოდება მხოლოდ ღამის საათებში.
მელიორაციის სამსახურის თანამშრომლის თქმით, საღამოს რვა საათზე წყლის მაგისტრალზე ფარები იკეტება და სოფელ რუისს სარწყავი წყალი 22:00 საათიდან დილამდე შეუძლია ისარგებლოს. მოსახლეობა აცხადებს, რომ ამ გრაფიკით წყალი ყველას არ ყოფნის და ადგილობრივები ამბობენ, რომ წყალი ბოლო ორი კვირაა, არც ღამის საათებში აქვთ.