სოფელ ქვემო ალვანში თუშეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია გამართა.
ადგილობრივების თქმით, თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ჩამოწოლილი ზვავისა და მეწყერის შედეგად ჩაიკეტა, კვლავ გასაწმენდია, რის გამოც მეცხვარეები მთაში ცხვრის გადარეკვას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. ადგილობრივები გზის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ კომპანიას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ.
მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და კონტრაქტორი კომპანიის, შპს „ენერჯი გრუპის“ დირექტორი გიორგი წიკლაური შეხვდნენ. მათ მძიმე ტექნიკის შეჩერების მიზეზად მთაში ზვავსაშიშროება დაასახელეს და განმარტეს, რომ სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე დროებით სარეაბილიტაციო სამუშაოები შეწყდა.
გიორგი წიკლაურის განცხადებით, ოთხი ერთეული მძიმე ტექნიკა ადგილზე უკვე მობილიზებულია და სამუშაოები ორშაბათიდან განახლდება.
„ჩვენ ინტენსიურად ვწმენდდით გზას და გეგმას ვუსწრებდით, მაგრამ 5 მაისს უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ჩვენი თანამშრომელი და დაზიანდა ტექნიკა. ადგილზე სპეციალისტების ჯგუფმა ვითარება შეისწავლა. იყო ზვავსაშიშროება და უბედური შემთხვევის დიდი რისკი. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სამუშაოები მანამდე შეწყვეტილიყო, სანამ მთაში სამუშაოების გასაგრძელებლად უსაფრთხო გარემო არ შეიქმნებოდა. მალევე ავიყვანეთ ოთხი ერთეული ტექნიკა, რომელიც სრულ წესრიგშია და გზის გაწმენდას ორშაბათიდან განვაახლებთ“,- ამბობს გიორგი წიკლაური.
თუშეთის საავტომობილო გზა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის ბოლომდე დიდთოვლობის გამო, ექვსი თვის განმავლობაში იკეტება. ზამთრის პერიოდში თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენის საშუალებითაა შესაძლებელი. ვერტმფრენი ყოველკვირეულ რეისებს უკვე რამდენიმე წელია ასრულებს.
ახმეტის მერიაში ვარაუდობენ, რომ წელს თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზა 5 ივნისს გაიხსნება.