სოფელ ქვახვრელთან უხვი ნალექის გამო წარმოქმნილი კუნძულიდან მაშველებმა წვრილფეხა პირუტყვი გამოიყვანეს [ფოტო]
შიდა ქართლში, სოფელ ქვახვრელთან, უხვი ნალექის გამო წარმოქმნილ კუნძულთან დასაკავშირებლად მეხანძრე-მაშველებმა საბაგირო გზა მოაწყვეს და წვრილფეხა პირუტყვის გამოყვანა დაიწყეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, ადგილზე მყოფი მწყემსების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მათი ნაწილის გამოყვანა გუშინვე მოხერხდა, ნაწილი კი, საკუთარი სურვილით დარჩა საქონელთან.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში 24 მარტს შემოვიდა შეტყობინება, რომ უხვი ნალექის გამო მდინარე მტკვარი ადიდდა და სოფელ ქვახვრელთან წარმოიქმნა ხელოვნური კუნძული. კუნძულზე დარჩენილი იყო ექვსი მწყემსი და დიდი ოდენობის წვრილფეხა პირუტყვი და საქონელი.
ადგილზე დროულად მოხდა მეხანძრე-მაშველების მობილიზება. შესაბამისი მცურავი საშუალებებით მოხერხდა მწყემსების უსაფრთხო ადგილას დროულად გამოყვანა, თუმცა მდინარის დინების სიჩქარისა და წყლის დონის მომატების გამო, საქონლის გამოყვანა ვერ ხერხდებოდა. ორმა მწყემსმა გადაწყვიტა კუნძულზე დარჩენა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მათთვის მოაწყო ღამის გასათევი. მეხანძრე-მაშველები დარჩნენ ადგილზე უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პარალელურად, დაიწყო წყლის დონის მონიტორინგი.
დილიდან შესაძლებელი გახდა საბაგირო გზის მოწყობა, რაც მეხანძრე-მაშველებს საშუალებას მისცემს, წვრილფეხა პირუტყვი გამოიყვანონ უსაფრთხო ადგილზე“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
მათივე ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე რჩებიან უსაფრთხოების მიზნით და გრძელდება მდინარე მტკვრის კალაპოტში წყლის დონის მონიტორინგი.