სოფელ ქერეს მოსახლეობა სოფლისთვის მაღალმთიანი სტატუსის მინიჭებას ითხოვს
გორის რაიონის სოფელ ქერეში, მოსახლეობამ სოფლისთვის მაღალმთიანი სტატუსის მინიჭების მოთხოვნით აქცია გამართა. ადგილობრივები სოფელში არსებულ სოციალურ პრობლემებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია იმ შეღავათებით სარგებლობა, რასაც მაღალმთიანი დასახლების სტატუსი გულისხმობს.
ასევე, აქციის მონაწილეები სოფელში გზის, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებასა და დაზიანებული სკოლის შენობის გარემონტებას ითხოვენ.
სოფელ ქერეს მოსახლეობას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გელა კაპანაძე შეხვდა. მერიამ მოსახლეობას ხელახალი განაცხადის შევსება ურჩია და მთის საბჭოსთან შუამდგომლობას დაპირდა.
ასევე, გელა კაპანაძე სოფლის მოსახლეობას გზისა და სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას დაპირდა.