საპროტესტო აქცია ქობულეთში. სოფელ ქაქუთში მცხოვრები 50-მდე ოჯახი ყოფილი ჩაის ქარხანასთან კუთვნილ ხელფასებს ითხოვს.
„სოფელმა ჩაის ფაბრიკა საკუთარი ძალებით შევინარჩუნეთ, თუმცა ბოლოს მაინც გაკოტრდა. ზოგს რამდენიმე წლის ხელფასი არ მიუღია. გაკოტრებული ფაბრიკა 200 ათას ლარად გაიყიდა, საიდანაც შეიძლებოდა ჩვენი დავალიანების დაფარვა, მაგრამ ერთი თეთრიც არ მიგვიღია, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ გაკოტრების კომისიას მოსახლეობის დავალიანების გასტუმრება დააკისრა”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოკვეთილია სავარაუდო ეჭვმიტანილებიც, თუმცა დღემდე რეაგირება არ ხდება.
დაზარალებულები ამბობენ, რომ დღეს მხოლოდ გამაფრთხილებელი აქცია გამართეს და უყურადღებობის შემთხვევაში აჭარის პროკურატურასთან გადაინაცვლებენ.