სოფელ ქაისხევში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაისხევში მდებარე გვიან შუა საუკუნეების წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ავრცელებს.
„დარბაზული ეკლესია ნაგებია რიყისა და ქვიშაქვით (5.5×7.6 მ). შესასვლელი სამხრეთის კედლის დასავლეთ ნაწილშია. კარი არქიტრავული გადახურვით სრულდება. კარის ჭრილი შიდა მხარეს უფრო ფართოა. თაღოვანი, შიგნით გაფართოვებული და გარეთკენ შევიწროვებული თითო სარკმელი აღმოსავლეთის, დასავლეთის და სამხრეთის კედლებშია. აბსიდა ნახევარწრიულია (1.6 მ სიღრმე). აბსიდის ღერძზე სარკმელია გაჭრილი, მის ორივე მხარეს ქვედა დონეზე, თითო განიერი და თაღოვანი ნიშაა გაკეთებული. საკურთხევლის შუაში ერთ ქვაში ნათალი ტრაპეზი დგას. გრძივი კედლები ორი წყვილი პილასტრითაა დანაწევრებული, რომელებზეც გადასული თაღი კამარის საბჯენი უნდა ყოფილიყო. აქ სწირავდა შიო არაგვისპირელის მამა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 19 ობიექტს მიენიჭა. ობიექტებს შორისაა სამარხები, ფოსტა, აბანო, ყოფილი ბაგა-ბაღი და შადრევანი.