სოფელ ნავდარაანთკარში მდებარე ეკლესიას და ნიშს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავდარაანთკარში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას და ნიშს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ერონული სააგენტოს ინფორმაციით, წმინდა გიორგის ეკლესია დარბაზული ნაგებობაა. აშენებულია ქვიშაქვითა და რიყის ქვით. კარი შიგნიდან არქიტრავულია, გარედან კი ტიმპანითაა დასრულებული. აღმოსავლეთ და სამხრეთ კედელში თითო სარკმელია (სარკმლები გადაკეთებულია). აღმოსავლეთით შვერილი ნახევარწრიული აბსიდია, რომლის კამარა მხრებზე გადასულ თაღს ებჯინება. დარბაზის სივრცე დაუნაწევრებელია. ტაძარს ჩრდილოეთიდან გვიანი მინაშენი აქვს, რომელში გასასვლელადაც ტაძრის ჩრდილოეთ კედელი გაურღვევიათ. მინაშენი სწორკუთხაა და ეკლესიაზე მოკლეა. აღმოსავლეთის კედელში მცირე სარკმელი აქვს. მინაშენს ცალფერდა გადახურვა აქვს. ტაძარი ადრე შუა საუკუნეებშია აგებული.
“ნიში ტაძრის ჩრდილოეთით, 10 მეტრში დგას. ისტორიულად, წმინდა გიორგის სახელობის იყო, ამჟამად კი ღვთისმშობლის სახელობისაა. აგებულია რიყის ქვით. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. აღმოსავლეთის კედელში სახატე ნიშია გაკეთებული. გადახურულია დაბალი კამარით.
ტაძრის გარშემო სხვადასხვა ნაგებობათა კვალი იკითხება.
მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი ადღგენის დროს გადაკეთებულია და ტაძრის მშენებლობის მსგავსი მასალა გამოყენებული არაა, მას მაინც აქვს შენარჩუნებული გარკვეული ნიშნები (ღრმა ნახევარწრიული და შვერილი აბსიდი, ტიმპანიანი კარი), რითიც ის შეიძლება განიხილოს, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი”-ნათქვამია ინფორმაციაში რომელსაც სააგენტო ავრცელებს.