ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სოფელ მულახში მკვლელობაში ბრალდებულ ბ.ნ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. მას ჯერჯერობით არ ჰყავს ადვოკატი.
მესტიის რაიონში, მულახის თემში მკვლელობა 20 აპრილს მოხდა. პროკურატურამ 22 აპრილს, გამოძიების მიერ შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში მომხდარ ფაქტზე ბ.ნ.-ს მიმართ დაუსწრებლად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. 23 აპირლს კი, მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებს ჩაბარდა.
გამოძების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 20 აპრილს, დაახლოებით 14:30 საათზე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში შსს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ზემო სვანეთის მე-2 სასაზღვრო სექტორის – მულახის თანამშრომელმა, ბ.ნ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გასროლით მუცლის არეში სხეულის დაზიანება მიაყენა ამავე სასაზღვრო სექტორის თანამშრომელს ბ.ი.-ს, რომელიც მიღებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო ბ.ნ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.