სოფელ ლეღვანში მდინარე ლეღვნურას წყალმა სკოლამდე მისასვლელი ხიდი დაანგრია, დატბორილია სახნავ-სათესი მიწები
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა სოფელ ლეღვანში, სადაც მდინარე ლეღვნურას წყალმა სკოლასთან დამაკავშირებელი ხიდი წაიღო. ამის გამო, მდინარის მეორე მხარეს გადაადგილება შეუძლებელია.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ადიდებული მდინარის წყალმა რამდენიმე ათეული ოჯახის სახნავ-სათესი მიწა და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა.
რთული ვითარებაა სოფელ მარელისში, სადაც მდინარის წყალმა ხიდი წაიღო, თუმცა ამ სოფელს ალტერნატიული გზა გააჩნია და შესაბამისად, მარელისი გარე სამყაროს მოწყვეტილი არ არის.
მდინარის წყალმა დატბორა და დაანგრია სოფლის შიდა საუბნო გზები და ხიდები. ასევე, დანგრეულია პირუტყის სადგომები.