სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა მდინარე ლოპოტაზე ჰესის მშენებლობას აპროტესტებს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა მდინარე ლოპოტაზე დაგეგმილი ჰესის მშენებლობას აპროტესტებს და შპს „ართანა – ლოპოტას“ ტექნიკას გადაადგილების საშუალებას არ აძლევს.
ადგილობრივების თქმით, „ლოპოტა-1“-ის 5.9 მეგავატი სიმძლავრის ჰესის მშენებლობა ნეგატიურ გავლენას იქონიებს როგორც ეკოლოგიაზე, ასევე სოფელს არ ექნება სასმელი და სარწყავი წყალი. მათივე განმარტებით, კომპანიას არ წარმოუდგენია გარემოზე ზემოქმედების უსაფრთხოების დასკვნები.
„ერთადერთი მდინარეა ეს, რაც ამ სოფელს აქვს. ამით ცოცხლობს და არსებობს აქ ხალხი, ამასაც თუ მილებში მოაქცევენ, აქედან უნდა გადავსახლდეთ“, – აცხადებენ ადგოლობრივები.
შპს „ართანა – ლოპოტას“ დირექტორი ბიძინა იმნაძე კი ამბობს, რომ მოსახლეობასთან არაერთი შეხვედრა გამართეს, რა დროსაც მათ კვლევის შედეგები გააცნეს.
„რამდენჯერმე შევხვდით მოსახლეობას, მათ შორის სამი წლის წინ, კახეთის გუბერნატორთან ერთადაც და ყველა ჩატარებული კვლევის დასკვნები გადავეცით. ჩვენი, როგორც ინვესტორის ინტერესიცაა, ყველა კვლევა იყოს საფუძვლიანად ჩატარებული. მრავალჯერადი მცდელობის მიუხედავად, ადგილობრივებს არ სურთ ჩვენი არგუმენტების მოსმენა. სახელმწიფო ვალდებულია, აღასრულოს ჩვენი მოთხოვნა და უზრუნველყოს, რომ მოგვეცეს მუშაობის საშუალება“, – განაცხადა ბიძინა იმნაძემ.
როგორც ადგლობრივები ამბობენ, საპროტესტო აქციის გარდა, დაგეგმილი აქვთ ჰესისკენ მიმავალ გზაზე ღამით მორიგეობაც.
სოფელ ლაფანყურის შესასვლელთან ამ დროისთვის პოლიციაა მობილიზებული.