სოფელ ხოვლეში მდებარე მაცხოვრის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში მდებარე მაცხოვრის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეკლესია დარბაზული ნაგებობაა და სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით არის აგებული.
ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდაა, რომელიც დარბაზისგან მხრითაა გამოყოფილი. საკურთხევლის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში იატაკიდან ოდნავ მოცილებული მაღალი და ღრმა ცილინდრული ფორმის თაღოვანი ნიშებია. გრძივი კედლების შუაში ორსაფეხურიანი პილასტრებია, რომელთაც კამარის საბჯენი თაღი უნდა დაყრდნობოდა. შესაბამისად, პილასტრის ქვედა საფეხურიდან კედლის დეკორატიული თაღები უნდა შეკრულიყო.
მიუხედავად იმისა, რომ ძეგლი ძლიერ დაზიანებულია და ცუდადაა კონსერვირებული, მაინც აქვს შერჩენილი გარკვეული მახასიათებლები, რის გამოც შესაძლოა მისთვის ძეგლის სტატუსის განსაზღვრა: სიძველე, სარკმლისა და ნიშების ფორმები, პილასტრის ფორმა.