ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში 300 მოსწავლისთვის განკუთვნილი ახალი საჯარო სკოლა აშენდება. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
სოფელ კაბალში მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერთან, ჯონდო მდივნიშვილთან ერთად იმყოფებოდა.
რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კაბალის საჯარო სკოლის მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევთ განათლების მიღება. ახალი სკოლის მშენებლობის შემდეგ კი, სოფელს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სკოლა ექნება. სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფელ კაბალის სკოლის გარდა, ასევე დაგეგმილია ჰერეთისკარის საჯარო სკოლის მშენებლობა, რომელზეც უკვე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019-2020 წლებში 150-მდე სკოლის მშენებლობასა და რეაბილიტაციას განახორციელებს. ამ ეტაპზე, ფონდს გამოცხადებული აქვს 40-ზე მეტი სკოლის მშენებლობა-პროექტირებაზე და ათეულობით სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი.