სოფელ გვიშტიბში დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობა მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში დევნილთა საცხოვრებელი ექვსი სახლის მშენებლობას ახორციელებს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 28 მილიონ ლარზე მეტია. პროექტის დასრულების შემდეგ 420 დევნილ ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი სახლი.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერთან გრიგოლ იოსელიანთან ერთად გაეცნო.
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას. დამონტაჟდება გარე განათება, ბავშვებისთვის მოეწყობა სათამაშო მოედანი. თითოეულ კორპუსს ექნება საკუთარი ავტოსადგომი, პანდუსები, გზებზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი და გაიმართება სანიაღვრე სისტემები. საცხოვრებელი ბინები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
მათივე ინფორმაციით, გარდა ექვსი საცხოვრებელი ბინისა, მგფ-ი სოფელ გვიშტიბში ასევე ორი საცხოვრებელი სახლის დაწყებულ მშენებლობას დაასრულებს, რომელზეც ტენდერი უკვე დასრულებულია და მიმდინარეობს შეფასების პროცედურები.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობას საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც ახორციელებს. იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა ფონდისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.