სოფელ გუგუტიანთკართან რუს სამხედროებს დღეს სამუშაოები არ განუახლებიათ
სოფელ გუგუტიანთკართან რუს სამხედროებს დღეს სამუშაოები არ განუახლებიათ

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიანთკართან რუს სამხედროებს დღეს დილით სამუშაოები არ განუახლებიათ.

მათ მიერ წინა დღეებში დამონტაჟებულ რკინის ბოძებზე უკვე გავლებულია რკინის ღობე. ღობის მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ორი საცხოვრებელი სახლი.

საოკუპაციო რეჟიმმა გიგუტიშვილებსა და რაზმაძეებს 2008 წლის ომის დროს დამწვარი სახლის დაშლისა და მოსავლის გამოსატანად სამ დღიანი ვადა მისცა.

გივი გუგუტიშვილი ყვება, რომ ძველი მავთულხლართიდან, რომელიც მისი სახლის ბოლოს გადიოდა, ახალი რკინის ღობე დაახლოებით 100 მეტრით არის გადმოწეული.

ადგილობრივებისთვის უცნობია, რა მიმართულებით გააგრძელებენ რუსი სამხედროები უკანონო ბორდერიზაციის პროცესს.

დღეს გუგუტიაანთკარში არსებული ვითარების გასაცნობად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები აპირებენ ჩასვლას. მათ ადგილზე 12:00 საათისთვის ელოდებიან.

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიანთკარსა და ოკუპირებულ სოფელ დისევს შორის რკინის ბოძების მონტაჟი გუშინ დილიდან განაახლეს. გუგუტიანთკარში გუშინ იმყოფებოდნენ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, მისი აპარატის წარმომადგენლები, ასევე საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა „ევროპული საქართველოს“ წარმოამდგენელი, დეპუტატი ელენე ხოშტარია.