საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიანთკართან რუს ოკუპანტებს დღეს დილით სამუშაოები არ განუახლებიათ.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, რუსი სამხედროები ე.წ. საზღვართან დღეს, ჯერჯერობით არ გამოჩენილან.
როგორც გუგუტიანთკარის მკვიდრი დავით გლეხელაშვილი ამბობს, არავინ იცის, რა მოხდება, რადგან რუსებს შესაძლოა, პროვოკაცია სურთ.
„ასეთი მაიმუნობა და უბედურება ხდება. ხალხს მამულებს და სახლებს ართმევენ. სამი დღე მისცემს სამ ოჯახს, დაანგრიეთ და გაზიდეთო. ჯერ საერთოდ არ არის მაგათი არაფერი და ახლა ქვემოთ წამოვიდნენ, მაგაზე მეტი საფრთხე რა გინდა?! არავინ იცის რა მოხდება, შეიძლება პროვოკაციაზე არიან წამოსულები“, – ამბობს დავით გლეხელაშვილი.