სოფელ გეტაში, სადაც კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხვალიდან ზომები გამკაცრდება
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში, სადაც დღეს კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხვალ დილიდან ზომები გამკაცრდება და დასახლებაში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდება. ინფორმაციას ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სოფელი გეტა 15 მაისის დილის 06:00-დან იზოლაციაში მოექცევა და დამატებით გატარდება შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებები. სოფელ გეტაში ამ დროისთვის კორონავირუსის 13 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.
„მუნიციპალიტეტის 40 დასახლებულ პუნქტში ინფექცია საერთოდ არ დაფიქსირებულა, რის საფუძველზეც, უახლოეს პერიოდში, შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით, რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მქონე სოფლების გარდა, მოიხსნა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები“, – აღნიშნულია მაჟორიტარული ბიუროს ინფორმაციაში.