სოფელ გელათის მცხოვრებლები სოფლის სახელწოდების შეცვლას აპროტესტებენ
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები სოფელ გელათის მოსახლეობის ნაწილისთვის საცხოვრებელი ადგილის ცვლილებას და სოფლის სახელწოდების შეცვლას აპროტესტებენ.
მოსახლეობის თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მოსახლეობისგან ფარულად მიიღო, ცვლილების შესახებ კი, მას შემდეგ შეიტყეს, რაც სოფელ გელათის დასაწყისში აბრა „სოფელი კურსები” გამოჩნდა.
„დღეს გავმართეთ გამაფრთხილებელი აქცია. თუ ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ შეცვლის, პროტესტის უკიდურეს ფორმაზე გადავალთ. გელათი ტურისტული ზონაა და რაც სახელი გადაარქვეს, ქონების ფასი დაეცა. სოფელს კურსები დაარქვეს, ყველა შენობას კი, გელათი აწერია. ამდენი ხანია ვიბრძვით და არ გავჩერდებით”,- ამბობს სოფლის მკვიდრი მევლუდ კუბლაშვილი.
ტყიბულის საკრებულოში სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ავალიანი აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე ტყიბულის საკრებულო უახლოეს პერიოდში იმსჯელებს. ავალიანი ამბობს, რომ გადაწყვეტილება მოსახლეობის სასარგებლოდ იქნება მიღებული.