სოფელ ფახულანის საკრებულოს დეპუტატის განცხადებით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს დილიდან არანაირი სამუშაო არ დაუწყიათ
სოფელ ფახულანის საკრებულოს დეპუტატის განცხადებით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს დილიდან არანაირი სამუშაო არ დაუწყიათ

სოფელ ფახულანის მაჟორიტარი დეპუტატის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, დათა კუკავას განცხადებით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუშინ აკაციის ხის მორები სოფელ წყოუშთან, ე.წ. საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მიიტანეს.

როგორც დათა კუკავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მათ ჯერ არანაირი სამუშაო არ დაუწყიათ და არც სოფლის სხვა ტერიტორიაზე მიუტანიათ მასალა.

„გუშინდელი დღის შემდეგ არაფერი შეცვლილა. გუშინ სატვირთო მანქანებით ჩამოიტანეს აკაციის ბოძები, დაყარეს რამდენიმე ადგილას და წავიდნენ.
დღეს დილიდან არანაირი სამუშაო არ დაუწყიათ“,- აღნიშნა დათა კუკავამ.

დეპუტატის თქმით, დილიდან არც რუსი ჯარისკაცების მოძრაობა არ შეიმჩნევა.

„მოსახლეობასთან ახლოს კი არის, მაგრამ პანიკის და საშიშროების საფუძველი არ არსებობს. ე. წ. საზღვრის მთელ პერიმეტრზეა დაყრილი ეს ბოძები. როგორც გვაქვს ინფორმაცია, ძველი, უკვე არსებული ბოძების განახლება მიმდინარეობს“,- აცხადებს დათა კუკავა.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გუშინ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანს შორის ე.წ. საზღვარზე ხის მორები მიიტანეს.