სოფელ ერისიმედში მდინარის ადიდების შედეგად საცხოვრებელი სახლის სარდაფები, შენობები და საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში ადიდებულმა მდინარემ კალაპოტი გაარღვია, რის შედეგადაც ოცამდე საცხოვრებელი სახლის სარდაფები, ასევე საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა. ამასთან, დატბორილია სოფლის კულტურის სახლი, ამბულატორია და საბავშვო ბაღი.
„სახლის ეზო და სარდაფი წყლითაა სავსე. სარდაფში ხორბალს და სამშენებლო მასალებს ვინახავდი, ყველაფერი გააფუჭა წყალმა. სახლიდანაც ვერ გამოვდივარ, ეზო სავსეა წყლით, ახლა მაშველები მოვიდნენ ჩვენს დასახმარებლად“, – ამბობს სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები ფატი ხოზრევანიძე.
ერისიმედში დილიდან იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების, სამაშველო სამსახურის და სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც მოსახლეობას წყლის ამოტუმბვის სამუშაოებში ეხმარებიან. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.