სოფელ დუისში, ღვინიანის ეკლესიის კომპლექსს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ დუისში მდებარე განვითარებული შუა საუკუნეების ღვინიანის ეკლესიის კომპლექსს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ეკლესია დარბაზული სხვადასხვა ზომის ნატეხი და ქვიშაქვით დუღაბზე ნაგებია. გარედან და შიგნიდან შელესილი იყო. აქვს აზიდული პროპორციები. აღმოსავლეთის მხრიდან შემჯდარია მიწაში, რის გამოც აღმოსავლეთის სარკმელი თითქმის მიწის დონეზეა. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდანაა. სამხრეთის კარი თაღოვანია, ტიმპანით დასრულებული.
ჩრდილოეთის კარი სწორკუთხა იყო. აღმოსავლეთის, დასავლეთის და სამხრეთის კედლებში თითო მაღალი და თაღოვანი სარკმელია. დასავლეთის სარკმლის თავი ფრონტონშია გაკეთებული. კედლები დასრულებული ყოფილა ქვის ორსაფეხურიანი ლავგარდნით. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია, რომელიც დარბაზისგან ორსაფეხურიანი მხრებითაა გამოყოფილი. აბსიდის კედლებში ორი სწორკუთხა ნიშია. საკურთხეველი დარბაზისგან გვიანდელი კანკელითაა გამოყოფილი. კანკელი შუაში აღსავლის კარითაა გახსნილი, გვერდებზე კი თითო თაღია გადასული. თაღების საბჯენები ნახევარწრიული პილასტრებია. კანკელი შელესილია. ეკლესია დასრულებული იყო ცილინდრული კამარით.