სოფელ დიღომსა და მუხიანის დასახლების სხვადასხვა მისამართზე წყალარინების ქსელი ეწყობა
სოფელ დიღომსა და მუხიანის დასახლების სხვადასხვა მისამართზე წყალარინების ქსელი ეწყობა

სოფელ დიღომსა და მუხიანის დასახლების სხვადასხვა მისამართზე წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სოფელი დიღმის მთლიანად დაქსელვას გარკვეული დრო დასჭირდება, რადგან საკმაოდ დიდი პროექტია დაწყებული.

„იცით, რომ სოფელ დიღომში წყალარინების ქსელი არ არსებობდა და მისი მოწყობა ორი წლის წინ დავიწყეთ. ეს არის საკმაოდ დიდი პროექტი და მთელი ტერიტორიის დაქსელვას გარკვეული დრო დასჭირდება. პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა მისამართზე სამუშაოები უკვე განხორციელდა და ახლაც აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე წელს წყალარინების ქსელი ვაჟა-ფშაველას IV შესახვევში და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე მოეწყო. გარდა ამისა, გასულ წელს მსგავსი ტიპის სამუშაოები სოფელი დიღმის სხვადასხვა მისამართზე ჩატარდა, მათ შორის, ანდრონიკაშვილის ქუჩის ნაწილში, როსტევანის ქუჩასა და კვირაცხოველის ქუჩაზე. ამ დროისთვის, წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობის სამუშაოები აკაკი ბელიაშვილის ქუჩიდან სანდრო ახმეტელის ქუჩის გავლით, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩამდე ხორციელდება. სამუშაოები ბელიაშვილის ქუჩის მონაკვეთში უკვე დასრულებულია, ხოლო ახმეტელის ქუჩის მიმართულებით, კვლავ გრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება, რადგან ადგილობრივ მოსახლეობას აქვს სერიოზული პრობლემა. 21-ე საუკუნეში შეიძლება ამაზე საუბარი რთულია, მაგრამ ეს რეალობაა – დედაქალაქში, ერთ-ერთ მჭიდროდ დასახლებულ უბანში წყალარინების ქსელი მოუწესრიგებელია. ეს პრობლემა სხვა უბნებშიც არსებობს და მსგავსი სამუშაოები მომდევნო წლებშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მასშტაბით, წყალარინების მოწყობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი მუხიანის აგარაკებზე მიმდინარეობს, სადაც ახალადმოწყობილ ქსელზე უკვე 141 ოჯახის დაერთება მოხდა.

„ასევე, ორი წლის წინ, მუხიანის აგარაკებზე დავიწყეთ წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები. 26 მაისის ქუჩაზე სულ ახლახანს დასრულდა გარე ქსელის მოწყობა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა. ახალადმოწყობილ ქსელზე 141 ოჯახის დაერთება მოხდა. აქაც პროექტი გრძელდება. ამ კონკრეტულ მონაკვეთზე გლდანის რაიონის გამგეობა სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოებს აწარმოებს და ამის შემდეგ, გზა მოასფალტდება. ჩვენ მსგავს სამუშაოებს ქალაქის მასშტაბით გავაგრძელებთ და არ დარჩება არცერთი ჩიხი, დასახლება და უბანი, სადაც წყალარინების ქსელის პრობლემა არ მოგვარდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.