ზუგდიდის სოფელ დარჩელში აცხადებენ, რომ გია ბარამიძესა და სანდრა რულოვსს სოფელში არ შეუშვებენ [ვიდეო]

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში მოსახლეობის ნაწილმა „გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ბარამიძის საარჩევნო პროცესებში მონაწილეობა გააპროტესტა. ინფორმაციას ამის შესახებ „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.

აქციის მონაწილეებს პლაკატები ეჭირათ: „ეს სოფელი მხედრიონელმა ბარამიძემ გადაწვა, მხედრიონი სანდრას გვერდშია; „ბარამიძე მხედრიონელია, სისხლიანი მხედრიონი, სისხლიანი ბარამიძე“ .

როგორც „პრაიმტაიმი“ წერს, ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ მათთვის დაუშვებელია ყოფილი მხედრიონელის ზუგდიდის მერის არჩევნებში ნებისმიერი სახით ჩართულობა და ისინი სანდრა რულოვსს მათ სოფელში არ შეუშვებენ.

„გავიგეთ, რომ მხედრიონელები გარკვეულ პარტიას უჭერენ მხარს. მათ აქ 29 ოჯახი გადაწვეს, დახოცეს პირუტყვი, ფრინველი, ცოცხალი არსება არ დატოვეს. ხალხი შიშისგან გაიქცა და გაიხიზნა. ეს ხალხი მოდის და უნდა, რომ დარჩელში მხარი დავუჭიროთ?! არ დავუშვებთ ჩვენ ამას. კარდაკარ ვივლით, რომ ეს ხალხი დარჩელში არ შემოვუშვათ “, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ზუგდიდში მერის არჩევნები 19 მაისს გაიმართება.