სოფელ დაბაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენითი სამუშაოები სექტემბერში დაიწყება
სოფელ დაბაში, 2008 და 2017 წლის აგვისტოს თვეში, ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მაისში, ტერიტორიის გაწმენდის, პერიმეტრზე ღობის მთლიანობის აღდგენის, ეროზიასაწინააღმდეგო და გარკვეულ მონაკვეთებზე ნიადაგის აღდგენითი სამუშაოები, ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო ბილიკების შეკეთება-გაწმენდა განხორციელდა.
„შემოდგომაზე – სექტემბრის შუა რიცხვებიდან დარგვის სამუშაოები დაიწყება. ხანძრის პერიმეტრი 943 ჰა-ს შეადგენს. აქედან უმეტესი ნაწილი 2008 წელს (აგვისტოს მოვლენების დროს) დამწვარი ტერიტორიაა. პირველ ეტაპზე (2018-2019 წლები) აღდგენას ექვემდებარება 250 ჰა ფართობი. აქედან, 2018 წლის სექტემბრიდან დაიწყება ნერგების დარგვისა და თესვის სამუშაოები. ტყის აღდგენა განხორციელდება 144 ჰა ფართობზე, დარგული იქნება 400 000-მდე ნერგი.
ნახანძრალ ტერიტორიაზე მდგომარეობის შემსწავლელმა კომისიამ გასული წლიდან იმუშავა. განხორციელდა კომპლექსური შესწავლები, მათ შორის გეოლოგიური, ნიადაგის ლაბორატორიული კვლევა, რომელიც ეროვნული სატყეო სააგენტოს დაკვეთით, შპს ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტრის „ანასეულის“ საგამოცდო ლაბორატორიამ ჩაატარა. შედეგებზე დაყრდნობით და ადგილზე განხორციელებული საველე მონიტორინგის საფუძველზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს სპეციალისტებმა, ტყის აღდგენის პროექტი მოამზადეს. იმ გარემოების გათვალისიწნებით, რომ ტყის აღდგენა სპეციფიურ, რთულ და ხანგრძლივვადიან პროცესს წარმოადგენს, ტერიტორიაზე სამუშაოები მხოლოდ პროექტის მიხედვით და მეტყევე-სპეციალისტების ზედამხედველობით განხორციელდება. წინა წლების პრაქტიკის მსგავსად დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა“,- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ტყის აღდგენის პროექტის ძირითადი მიზანი ხეობაში პირვანდელი ტყის ეკოსისტემის აღდგენაა, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივი, სტანდარტული ნერგი გამოიყენება.
„ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყის შემქმნელი სახეობის ნერგების გამოყვანა ეროვნული სატყეო სააგენტოს სანერგეებში ხდება, რომლებიც იმავე ზონაშია მოწყობილი. ტყის აღდგენისთვის ეროვნულ საშენ მეურნეობაში გამოყვანილი კონტეინერული ნერგის გამოყენებაც ხდება“,- აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.