სოფელ ჭრებალოში ​საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
სოფელ ჭრებალოში ​საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა რიგით 75-ე საზოგადოებრივი ცენტრი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოში საზეიმოდ გახსნა.

თეა წულუკიანმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა და ცენტრის გახსნასთან ერთად, ახალი წელი მიულოცა.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს შვეიცარიის განვითარების სააგენტოს რეგიონული დირექტორის მოადგილე ვერნერ ტუტმა და გაერო-ს განვითარების პროგრამის ადგილობრივი და რეგიონული განვითარების ხელშეწყობის პროექტის ხელმძღვანელმა, თინათინ ტყეშელაშვილმა.

საზოგადოებრივი ცენტრი ჭრებალოსა და მიმდებარე სოფლების − ხვანჭკარას, ქვიშარის, ჭყვიშის, ჟოშხას, გენდუშის, პირველი და მეორე ტოლას 3000-მდე მცხოვრებს მოემსახურება.

საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, ადგილიდან გაუსვლელად, სწრაფად ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით. მომხმარებელს ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით შეუძლია, აიღოს პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საკადასტრო გეგმის თუ საარქივო მომსახურება და სხვა. ჭრებალოს საზოგადოებრივი ცენტრის თანამედროვე სტანდარტების შენობის ინფრასტრუქტურა შშმ პირებზეა მორგებული.