სოფელ ჩორჩანასთან არსებულ ვითარებაზე საგარეო უწყება ინფორმაციას დიპლომატიურ კორპუსს აწვდის
იტალიის, თურქეთის,ისრაელის,ლიეტუვის ელჩები და საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე იმყოფებიან.
შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით იმართება.
უწყება დიპლომატიურ კორპუსს ინფორმაციას მიაწვდის ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
როგორც ელჩებმა განაცხადეს, დახურულ კარს მიღმა საუბრის თემაზე კომენტარს შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებენ.
დიპლომატებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხვდება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება. როგორც საქართველოს პირველ არხს უწყებაში განუცხადეს, აღნიშნული წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.