სოფელ ჭოგნარის მოსახლეობა დასახლების მიმდებარედ ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებს
„არა ნაგავსაყრელს”, – თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის მოსახლეობა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებს.
ადგილობრივები ცენტრალურ მაგისტრალთან შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ ნაგავსაყრელის მშენებლობა მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის.
მათი თქმით, თუკი გადაწყვეტილება არ შეიცვლება, პერმანენტულ აქციებს გამართავენ, შიმშილობას დაიწყებენ, ტერიტორიაზე ტექნიკას არ შეუშვებენ და ცენტრალურ მაგისტრალს გადაკეტავენ.
ადგილზე უსაფრთხოების მიზნით პოლიცია იყო მობილიზებული. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს.