სოფელ ჭერემთან მისასვლელი გზის აღდგენითი სამუშაოები ორ დღეში დასრულდება
ადიდებულმა მდინარე ჭერმისხევმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა დაანგრია. სოფელს არ აქვს მაღაზია, აფთიაქი და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები, 50 კომლი კი რაიონთან დაკავშირებას ვერ ახერხებდა.
როგორც პირველ არხს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა განუცხადა, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად საჭირო მძიმე ტექნიკა უკვე მობილიზებულია და სამუშაოები დღეს დაიწყება.
„როგორც კი პირველადი გზა გვექნება, სოფელ ჭერმის მოსახლეობას საკვები პროდუქტებით და პირველადი დახმარების მედიკამენტებით მოვამარაგებთ“,- განაცხადა ხანდამაშვილმა. მისივე ინფორმაციით, სოფლამდე მისასვლელი გზის აღდგენა ორ დღეში დასრულდება და შესაბამისად, ელექტროენერგიის აღდგენაც შესაძლებელი გახდება.
მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სტიქიით მიყენებულმა ზარალმა 200 ათასი ლარი შეადგინა