სოფელ ბუთურაულში სამოცამდე ოჯახი განსახლებას ითხოვს
სოფელ ბუთურაულში სამოცამდე ოჯახი განსახლებას ითხოვს

შუახევში სოფელ ბუთურაულში სამოცამდე ოჯახი განსახლებას ითხოვს. სოფლის მოსახლეობამ დღეს გამაფრთხილებელი აქცია გამართა. ისინი ამტკიცებენ, რომ სოფელი მოქცეულია წითელ ზონაში, ტერიტორია არის მთლიანად მეწყერსაშიში და მათი თქმით, ცხოვრება არის საფრთხის შემცველი.

ბუთურაულის მცხოვრებლები სოფლის გეოლოგიურ შესწავლას ითხოვენ. ისინი ამტკიცებენ, რომ სოფლის გარემოზე უარყოფითი გავლენა შუახევჰესის მშენებლობამაც მოახდინა, რადგან დაშრა წყაროები და ხმობა დაიწყო წიწვოვანმა მცენარეებმა.

„სოფელი წითელ ზონაშია, აქ ცხოვრება არის საშიში, მთებზე ნაპრალებია, გეოლოგიურად კი, არ არის არაფერი შესწავლილი. ჩვენ ვითხოვთ გეოლოგიურ დასკვნას და ამის შემდეგ გადაწყვიტოს ხელისუფლებამ, შეიძლება თუ არა, აქ ცხოვრება”, – ამბობს ბუთურაულის მცხოვრები მანუჩარ მიქელაძე.

აქციაზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც იმყოფებოდა. მისი განცხადებით, ხელისუფლება ვალდებულია, მოსახლეობას ცხოვრების პირობები შეუქმნას და დროულად შეისწავლოს ტერიტორია.

თავის მხრივ, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ამტკიცებს, რომ ბუთურაულში ტერიტორია გეოლოგებმა უკვე შეისწავლეს, თუმცა მოსახლეობამ უნდობლობა გამოხატა ადგილობრივი გეოლოგების მიმართ. მისი თქმით, მერიამ გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოს უკვე მიმართა და ისინი სოფლის მდგომარეობას დამატებით შეისწავლიან.

„ჩვენი მთავარი მიზანია, სოფლის შენარჩუნება, რომ მთა არ დაიცალოს. ამ მიზნით ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც ვახორციელებთ; სოფელ ბუთურაულში იწყება გზის მშენებლობა, წყლით მომარაგების სისტემისა და საბავშვო ბაღის მშენებლობაც. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ პირობები შევუქმნათ. მოსახლეობას აქვს ინდივიდუალური გეოლოგიური დასკვნები, თუმცა მათ დამატებითი დასკვნები მოითხოვეს და გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო ამაში ჩართულია.

33 ოჯახი იმავე სოფლიდან გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე უკვე განსახლდა, მათგან 22-ს სახელმწიფომ შეუძინა ალტერნატიული საცხოვრებელი, 11-ს კი, სოციალურ სახლში გადაეცა ბინები. თუ იქნება კიდევ განსახლების საჭიროება, სხვებსაც შევუქმნით სათანადო პირობებს”, – განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.