თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღში აღსაზრდელები მოიწამლნენ. სამედიცინო დაწესებულებებში ინტოქსიკაციით 23 ბავშვი გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ყველა ბავშვს ერთნაირი სიმპტომი აქვს. მათ დეზინტოქსიკაცია უტარდებათ.
„ბავშვებს აღენიშნებათ პირღებინება და ტკივილი მუცლის არეში, უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა. დიდი ალბათობით, შედარებით მსუბუქ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს რამდენიმე საათში გავწერთ, ხოლო საყურადღებო რამდენიმე პაციენტს დღეს კლინიკაში დავტოვებთ“, – განაცხადა თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საბავშვო ბაღში საკვები პროდუქტების სინჯები გამოსაკვლევად აიღეს. ბუშეტის საბავშვო ბაღში ბავშვები შეუძლოდ საუზმის შემდეგ გახდნენ. ბაღი დროებით დახურულია.