სოფელ ბობოყვათის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს
სოფელ ბობოყვათის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს

ქობულეთში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სოფელ ბობოყვათის მცხოვრებთა ნაწილი სანაპიროზე მიწის გასხვისებას აპროტესტებს. ისინი ამტკიცებენ, რომ 20-მდე ჰექტარი ტერიტორია მათი მამა-პაპისეული საკუთრებაა, თუმცა წლების განმავლობაში მისი დარეგისტრირება ვერ მოახერხეს.

„რამდენიმე დღის წინ შექმნილ კომპანიას პირდაპირი წესით გადასცეს. მიწა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრება იყო, რომელმაც იგი ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს გადასცა, სააგენტომ კი სასწრაფო წესით კომპანიას, რომელსაც მშენებლობის გამოცდილებაც კი არ აქვს. გაიგონოს ინვესტორმა, რომ აქ არაფრის საშუალებას არ მივცემთ, მან ტერიტორიის შემოღობვა უკვე დაგეგმა, იცოდეს, რომ არ დავთმობთ მამა-პაპისეულ საკუთრებას“, – განაცხადა უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ, რომელიც ასევე ბობოყვათის მკვიდრია.

მიწების დაკანონების მოთხოვნით ბობოყვათის მცხოვრებლები გასულ წელს პერმანენტულ აქციებს მართავდნენ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მიწის გასასხვისებლად გამოცხადებული აუქციონის შეწყვეტას მოითხოვდნენ. დაგეგმილი აუქციონი გასული წლის ივლისში ჩაიშალა და აქციები შეწყდა, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ საჯარო რეესტრში ინვესტორზე მიწის გადაცემის ფაქტი 8 სექტემბრის თარიღით უკვე ასახულია, რის გამოც აქციები განახლდა.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას და ინვესტორს მოლაპარაკებებისთვის ერთკვირიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალ შაბათს მასშტაბური აქციით იმუქრებიან.