სოფელ ატოცში, ღია ცის ქვეშ ეკრანზე რუსეთისა და საქართველოს მორაგბეთა ნაკრებების შეხვედრას უჩვენებენ [ფოტო]
საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებებს შორის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩის სანახავად ქართველი გულშემატკივრები სოფელ ატოცში ჩავიდნენ.
შეხვედრას სოფლის ერთ-ერთი მცხოვრებლის ეზოში, ღია ცის ქვეშ დამონტაჟებულ ეკრანზე უჩვენებენ. ჩვენება საოკუპაციო ხაზიდან ერთი კილომეტრის მოშორებით იმართება.
ბორჯღალოსნების საქომაგოდ სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც მივიდა.
აქციის ორგანიზატორების თქმით, ატოცი სიმბოლურად შეირჩა ამ შეხვედრის ჩვენებისთვის და ამით ისინი ადგილობრივ მოსახლეობას სოლიდარობას უცხადებენ
„ეს იდეა გაჩნდა იქიდან, რომ სამწუხაროდ ჩვენს საზოგადოებაში გაყუჩებული ტკივილი, რასაც ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია ჰქვია. ოკუპაცია ყველაზე მეტად ამ ოჯახს აწუხებს, სადაც ახლა შევიკრიბეთ და ვგულშემატკივრობთ მორაგბეებს. ჩვენი საზოგადოებისთვის ეს არის კარგი მაგალითი, ახალგაზრდებმა უფრო მეტი ენერგია დახარჯონ, რომ გახადონ თემატური მცოცავი ოკუპაცია“,- განაცხადა ატოცში რაგბის დიდ ეკრანზე ჩვენების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დომენიკ მანგომ.
ქალაქ კრასნოდარის ცენტრალურ სტადიონზე მიმდინარეობს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩი რუსეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის.
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები რუსეთს 10-3 ამარცხებს.
მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი პირველი არხზე მიმდინარეობს.