სოფელ აღაიანში ბავშვის მკვლელობისთვის დაკავებულ დედას ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ
სოფელ აღაიანში ბავშვის მკვლელობისთვის დაკავებულ დედას ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. 16 წლის დედა გორის პოლიციაში, წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
როგორც არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატმა, ქეთი გაგოევმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ჯერ ვერ ისაუბრებს მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციაზე, აღიარებს თუ არა დანაშაულს. ამის მოტივად ადვოკატმა ის გარემოება დაასახელა, რომ დაკავებული სრულწლოვანი არ არის.
„მისი ინტერესიდან გამომდინარე, მეტს ვერაფერს ვიტყვი“, – განაცხადა ადვოკატმა.
მისი თქმით, დაცვისა და ბრალდების მხარის გადაწყვეტილებით, დაკავებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება, ასევე დადგენილია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები.
რაც შეეხება შვიდი თვის ბავშვის ნათესავების ინფორმაციას, რომლის მიხედვით, 16 წლის დედა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში მამაკაცთან ერთად დააკავეს, ადვოკატი აცხადებს, რომ მას ასეთი ინფორმაცია არ გააჩნია.
16 წლის დედას საზოგადოებრივი დამცველის ადვოკატი იცავს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისადა კასპის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული მ.შ. დღეს დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.შ-მ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შვიდი თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა მ.შ.-ს ადგილსამყოფელი რამდენიმე საათში დაადგინეს და დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, – აცხადებენ შსს-ში. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.