სოციოლოგიური კვლევის თანახმად, დემოკრატიულ ქვეყნებში მოქალაქეთა 53 პროცენტი მიიჩნევს, რომ პანდემიის დროს მათი უფლებები ზედმეტად შეზღუდეს
დემოკრატიულ ქვეყნებში მოქალაქეთა 53 პროცენტი მიიჩნევს, რომ პანდემიის დროს მათი უფლებები ზედმეტად შეზღუდეს, – ასეთია სოციოლოგიური კვლევის შედეგი, რომელიც „დემოკრატიების ალიანსის ფონდმა“ კომპანია „ლატანასთან“ ერთად ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში 53 ქვეყანაში 50 000 მოქალაქე გამოკითხეს, რომელთა ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ ისინი დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრობენ, თუმცა ბევრი რესპონდენტი აცხადებს, რომ ეკონომიკური უთანასწორობა და დიდი ტექნოლოგიური კომპანიები დემოკრატიას საფრთხეს უქმნიან.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, რესპონდენტთა 58 პროცენტი მიიჩნევს, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამოწვევებს მათი ქვეყნის ხელისუფლებამ ადეკვატურად უპასუხა.
„ჩვენ ახლა უნდა გამოვიდეთ პანდემიიდან ხალხისთვის მეტი დემოკრატიისა და თავისუფლების შეთავაზების გზით“, – განაცხადა „როიტერსთან“ საუბარში, „დემოკრატიების ალიანსის ფონდის“ თავმჯდომარე, ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა.
ამასთან, გამოკითხვაში მონაწილეთა 44 პროცენტი მიიჩნევს, რომ მათ ქვეყნებში დემოკრატიას საფრთხეს აშშ უქმნის. ამასთან, გამოკითხულთა 38 პროცენტი ჩინეთის, ხოლო 27 პროცენტი რუსეთის მზარდი გავლენითაა შეშფოთებული.
სოციოლოგიური კვლევის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტად ჯო ბაიდენის არჩევის შემდეგ დემოკრატიის თვალსაზრისით, აშშ-ის ზეგავლენის აღქმა გაუმჯობესდა, თუმცა ევროპაში, რუსეთსა და ჩინეთში აშშ-ის გავლენას კვლავ ნეგატიურად აფასებენ.