„სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ აცხადებენ, რომ ევროკავშირის ენერგოგაერთიანება „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით საკუთარ შეფასებებს პროექტის განახლების შემთხვევაში გამოაქვეყნებს
ევროკავშირის ენერგოგაერთიანება „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით საკუთარ შეფასებებს მას შემდეგ გამოაქვეყნებს, თუ პროექტი განახლდება. ექვსთვიანი მედიაციის პროცესი დასრულდა, თუმცა რა ბედი ელის ნამახვანჰესის პროექტს, უცნობია. სწორედ ამ საკითხზე გაიმართა დღეს დისკუსია, რომელსაც მედიაციის პროცესის მონაწილე მხარეები ესწრებოდნენ.
როგორც „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ აცხადებენ, მედიაციის გარდა ამ ექვსი თვის განმავლობაში ენერგეტიკული გაერთიანების ხელმძღვანელობით დაიგეგმა „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულებისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ხელახალი, დამოუკიდებელი შესწავლა. თუმცა, მიმდინარე წლის სექტემბერში, მას შემდეგ, რაც პროექტის განმახორციელებელმა კომპანია „ენკამ“ სახელმწიფოს ხელშეკრულების გაწყვეტის ცალმხრივი მოთხოვნით მიმართა, სამდივნომ ხელახალი შეფასებების მომზადების პროცესიც დროებით შეაჩერა.
„დასრულდა მედიაცია „ნამახვანჰესის“ საკითხთან დაკავშირებით. მედიატორმა გამოაქვეყნა თავისი ანგარიში და ამ ანგარიშიდან ჩვენ შევიტყვეთ, რომ დამოუკიდებელი შეფასებების საკითხი გადავადდა იმ ეტაპამდე, ვიდრე გავიგებთ პროექტის შესახებ. ითქვა, რომ პროექტი თუ განახლდება, იმ შემთხვევაში აუცილებლად შეფასებების საკითხი დღის წესრიგში დაბრუნდება. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით შედგა ტექნიკური დავალებები და განსაზღვრულია უკვე, რა დავალებით შეფასდება ეს პროექტი, მაგრამ ახლა ვართ მოლოდინის რეჟიმში და ველოდებით, რა მოხდა პროექტთან დაკავშირებით უშუალოდ. ჩვენ ასევე ვგეგმავთ, რომ გამოვაქვეყნოთ ალტერნატიული ანგარიში, რადგან ამ ექვსი თვის განმავლობაში არ მოგვეცა საშუალება, გვესაუბრა, რა ხდებოდა მედიაციის განმავლობაში, რომ არ დაგვეზარალებინა პროცესი. თუმცა, აუცილებლად აღვწერთ დაწვრილებით, რა ხდებოდა ამ ექვსი თვის განმავლობაში და რა მოთხოვნები ნარჩუნდება ჩვენი მხრიდან. მედიაციის შედეგად გადავადდა მხოლოდ დამოუკიდებელი შეფასებების საკითხი, ეს არის გარემოზე ზემოქმედების შეფასება და ასევე ხელშეკრულების საკითხი, რადგან ხელშეკრულებაც უნდა შეფასდეს აუცილებლად, თუკი ეს პროექტი განახლდება“, – განაცხადა სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელმა, თათული ჭუბაბრიამ.