„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ჩხრეკა/ამოღების ახალ წესს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ჩხრეკა/ამოღების ახალ წესს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ჩხრეკა/ამოღების ახალ წესს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები არ შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსს და უგულებელყოფს გადაწყვეტილებით დადგენილ სტანდარტებს.

„რეალურად, შემაშფოთებელია ის, რომ პარლამენტი სრულყოფილად არ ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონკრეტულ, საკმაოდ მკაფიოდ დადგენილ სტანდარტებს და საბოლოო ჯამში, კანონმდებლობაში ახორციელებს ცვლილებებს, რომელსაც არსებითი ცვლილება არ მოაქვს მოქალაქეებისთვის, არსებითად ახალი კანონმდებლობა ვერ აზღვევს უფრო მეტად, უფრო უკეთესად იგივე ჩადების რისკებს თუ ჩხრეკის ამოღების პროცესში მოქალაქეების უფლებების დარღვევის რისკებს. ამ ფონზე ცხადია ჩვენ ვაპირებთ ეს საქმე კიდევ ერთხელ წავიღოთ საკონსტიტუციო სასამართლოში“, – განაცხადა სოციალური სამართლიანობის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორმა, გურამ იმნაძემ.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტის, თამარ სამხარაძის განცხადებით, ახალი რეგულაცია არის ფრაგმენტული და ვერ ასრულებს იმ მიზანს, რასაც ემსახურებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

„პირველ რიგში ვფიქრობთ, რომ ეს ახალი რეგულაცია არის ფრაგმენტული და ვერ ასრულებს იმ მიზანს, რასაც ემსახურებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს არის პირის უსაფუძვლო ბრალდებისგან დაცვა და სამართალდამცავთა თვითნებობის თავიდან აცილება. კონკრეტულად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკა თავისთავად მოიცავს თვითნებობის მაღალ რისკებს და შესაბამისად აუცილებელია ეს პროცესი გამყარებული იყოს ნეიტრალური მტკიცებულებებით. ნეიტრალურ მტკიცებულებებში საკონსტიტუციო სასამართლო მოიაზრებს, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ვიდეოგადაღების უზრუნველყოფა ჩხრეკის ჩატარებისას, ნეიტრალური მოწმის დასწრება და ა.შ. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ კანონით აუცილებლად უნდა გაიწეროს სამართალდამცავთა ვალდებულება ამ ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვებისთის. ამისათვის გაითვალისწინა ის ექვსთვიანი ვადა, რომლის განმავლობაში გადაავადა გადაწყვეტილების აღსრულება, მაგრამ ეს ვადა არ ყოფილა გამოყენებული იმისთვის, რომ რეალურად მომხდარიყო ჩხრეკის ჩატარების სისტემის დახვეწა. პირველ რიგში, ის არის მთავარი, რომ კანონის შედეგად კვლავ არის შესაძლებელი პოლიციელის კონკრეტულად ჩხრეკაში მონაწილე ან ჩხრეკის ჩამტარებელი მონაწილე პოლიციელის ჩვენების გარდა გამამტყუნებელი განაჩენი დაეყრდნოს სხვა ნებისმიერ მტკიცებულებას და აქ არ არის დაკონკრეტებული ნეიტრალურობის კომპონენტი, შესაბამისად, ასეთი მტკიცებულება შეიძლება იყოს სხვა პოლიციელის ჩვენება, რომელიც უშუალოდ არ მონაწილებს ჩხრეკის პროცესში და ცხადია ეს ვერ იქნება განხილული, როგორც ნეიტრალური მტკიცებულება. სწორედ ამიტომ, ეს კანონი არ შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოს სარეზოლიციო ნაწილს, რომელიც პირდაპირ და არაორაზროვნად მიუთითებს ნეიტრალური მტკიცებულების კრიტერიუმზე“, – განაცხადა სამხარაძემ.