სოციალური ქსელით გავრცელებული ფოტოს გამო, ბელგიის შს მინისტრს ოფიციალურ განმარტებას სთხოვენ
სოციალური ქსელით გავრცელებული ფოტოს გამო, ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრს ესპანელი პარლამენტარები ოფიციალურ განმარტებას სთხოვენ.
ბრიუსელსა და მადრიდს შორის დაპირისპირების მიზეზი სკანდალური ფოტოა, რომელიც ბრიუსელში 8 დეკემბერს, ევროპულ კვარტალშია გადაღებული.
კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეთა დემონსტრაციაზე, სამართალდამცველები პატრულირებდნენ მანქანით, რომელზეც კატალონიის დროშა იყო გაკრული. ეს ფოტო გასულ კვირას სოციალური ქსელით გავრცელდა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ესპანელი პარლამენტარები, ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პარტიის წევრები ამბობენ, რომ ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრმა უნდა ახსნას, თუ რა მიზანს ემსახურებოდა პოლიციის მანქანაზე გაკრული კატალონიის დროშა.
ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.
“გაიღვიძე ევროპა” – აქცია ამ ლოზუნგით ბელგიის დედაქალაქში 8 დეკემბერს გაიმართა. დემონსტრაციაზე 45 ათასამდე ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს ბელგიაში მყოფ კატალონიის ყოფილ ლიდერს, კარლეს პუიჩდემონს, ევროკავშირს რეალობის აღიარებისკენ, მადრიდსა და კატალონიას შორი შუამავლის როლის შესრულებისკენ მოუწოდეს.
საპარლამენტო არჩევნები კატალონიაში 21 დეკემბერს გაიმართება. ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კარლეს პუიჩდემონის და ყოფილი მთავრობის ოთხი მინისტრის დაკავებაზე გაცემული საერთაშორისო ორდერი გააუქმა. კარლეს პუიჩდემონის ადვოკატი აცხადებს, რომ არჩევნებამდე კატალონიის ყოფილი ლიდერი ბელგიაში დარჩება და არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ჟურნალისტებს მის მომავალ გეგმებს გააცნობს.