სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა დატოვა
სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, თამაზ მოდებაძემ თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით, მოდებაძე დაკავებული პოზიციიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა.
თამაზ მოდებაძემ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობა 2018 წლის ნოემბერში, მას შემდეგ დაიწყო, რაც აღნიშნული თანამდებობა გიორგი წოწკოლაურმა დატოვა. ამავდროულად, წოწკოლაურმა შეინარჩუნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა, რომელსაც სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიციის პარალელურად იკავებდა.
ამ ეტაპზე, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობას ისევ გიორგი წოწკოლაური ასრულებს, რომელიც ამავდროულად, მინისტრის მოადგილედ რჩება.
სოციალური მომსახურების სააგენტო ადმინისტრირებას უწევს რამდენიმე ათეულ სოციალურ და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამას. სააგენტო მრავალმილიონიანი ხარჯების განმკარგავი სამსახურია. სახელმწიფო პენსია, სოციალური დახმარება, ჯანმრთელობის დაზღვევა, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა სათანადო უზრუნველყოფა, მზრუნველობამოკლებული ბავშვების მეურვეობა-მზრუნველობა და სხვა – ეს ის საკითხებია, რომელთა ფარგლებშიც სააგენტოში დასაქმებული 2000-ზე მეტი თანამშრომელი დაახლოებით 2,5 მილიონ მოქალაქეს (საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტი) ემსახურება.