სოციალური ჭრის ნაწილში, მოსახლეობას ტყეში სათბობი შეშის მათივე ძალებით მოპოვება 2026 წლის პირველ იანვრამდე შეეძლება
სოციალური ჭრის ნაწილში, მოსახლეობას ტყეში სათბობი შეშის მათივე ძალებით მოპოვება 2026 წლის პირველ იანვრამდე შეეძლება. აღნიშნული ვადა 2023 წლის პირველ იანვრამდე იყო განსაზღვრული, თუმცა ვადის გახანგრძლივებას მთავრობა ითხოვს, რომელიც პარლამენტს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის წინადადებით მიმართავს.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ფიზიკური პირის ინდივიდუალური სოციალური ინტერესების გათვალისწინებით, საშეშე მერქნის მოპოვების უფლების ხე-ტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე გაცემა დასაშვები იქნება 2026 წლის პირველ იანვრამდე.
მთავრობა განმარტავს, რომ სოციალური ჭრის ნაწილში, მოსახლეობას უნდა შეეზღუდოს სათბობი შეშის ტყეში მათივე ძალებით მოპოვება და აღნიშნული ნიშა უნდა დაიკავოს ტყის მართვის ორგანოებმა, რომლებიც უზრუნველყოფენ მოჭრილი მერქნული რესურსის მოსახლეობისთვის საქმიანი ეზოდან მიწოდებას, თუმცა აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე გადასვლა ტყის მართვის ორგანოებისთვის პრობლემატურია, რადგან იმისათვის, რომ აიკრძალოს სოციალური მიზნებისთვის მოქალაქეების მხრიდან მერქნული რესურსის მოპოვება, აუცილებელია, რომ ტყის მართვის ორგანოებს შეეძლოთ აღნიშნული ნიშის დაკავება და მოსახლეობისთვის ალტერნატიულად თავისი მომსახურების შეთავაზება.
„ამისთვის აუცილებელია როგორც მატერიალურ-ტექნიკური ბაზის (მანქანა-დანადგარები), ასევე ადამიანური რესრუსის ისეთი მასშტაბით მობილიზება, რომელიც დღეის მდგომარეობით, ტყის მართვის არც ერთ ორგანოს არ გაააჩნია. აღნიშნულ ეტაპზე გადასასვლელად საჭიროა დიდი ფინანსური რესურსის მობილიზება, შესაბამისი პროცედურების დაგეგმვა და ადამიანური რესურსის გადამზადება.
როგორც მოგეხსენებათ, „კოვიდ-19“-ის პანდემისას ვერ მოხდა ტყის მართვის ორგანოების ბიუჯეტის სათანადო ზრდა. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, არც ერთი ტყის მართვის ორგანო არ არის მზად იმისთვის, რომ გადავიდეს დამზადებაზე და მთელი სექტორი ჩაანაცვლოს მხოლოდ თავისი მომსახურებით. სწორედ ამიტომ, მიზანშეწონილია ვადის გადაწევა“, – აღნიშნულია კანონპროექტში.