სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება 10 სექტემბრიდან დაიწყება
სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება 10 სექტემბრიდან დაიწყება და 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, გასულ წლებში სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამაზე სწავლის საფასური, ჯამში 5 000-მდე სტუდენტს დაუფინანსდა, 2021 წელს კი პროგრამაში ცვლილებები შევიდა.
„2021 წლამდე ფინანსდებოდნენ თბილისში რეგისტრირებული ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები, რომელთა ოჯახების სოციალური ქულა 70 000 ან ნაკლები იყო, ცვლილებების შედეგად კი, დღეს ფინანსდებიან თბილისში რეგისტრირებული ის სტუდენტები, რომელთა ოჯახების სოციალური ქულა 150 000 ან ნაკლებია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, 2021 წლის გაზაფხულის სემესტრში, ამ ცვლილებების შედეგად, 1 400-მდე სტუდენტი დაფინანსდა.
„გასაცემი დაფინანსება, რომლის მაქსიმალური ოდენობა წლიურად 2 250, ხოლო სემესტრულად 1 125 ლარია, დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებულ აკადემიურ მოსწრებაზე. სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე სწავლის დაფინანსებისთვის თანხა გაიცემა სემესტრულად, წელიწადში ორჯერ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.