სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასასაქმებლად 2018 წელს ახალი პროექტი იწყება
სოციალური მომსახურების სააგენტო და დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების კუთხით ახალ პროექტს განახორციელებს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ზაზა სოფრომაძის განცხადებით, 2018 წელს დაიწყება პროექტი, რომლის მთავარი მიზანი სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმებაა. პროექტის მიხედვით, რეგიონებში არსებულ ვაკანსიებს, დეპარტამენტი, პირველ რიგში, იმ შრომისუნარიან მოქალაქეებს შესთავაზებს, რომლებიც სოციალურად დაუცველ ოჯახებში ცხოვრობენ.
„მომავალ წელს ახლებურად ჩამოვაყალიბებთ სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პროგრამებს, ეს პროექტი განხორციელდება ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად და, პირველ რიგში, ითვალისწინებს სწორედ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სამუშაოს შეთავაზებას.
პროექტი დაიწყება 2018 წელს და გულისხმობს იმას, რომ რეგიონებში თავისუფალი სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ სოციალურად დაუცველ შრომისუნარიან პირებს, რათა მათი მდგომარეობა გავაუმჯობესოთ და რეგიონებში დასაქმების სერვისების განვითარება უზრუნველვყოთ“, – განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.