სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულების დახმარების აქციას დეველოპერული კომპანია „არქი“ შეუერთდა [ფოტო]
პანდემიის პირობებში, მარტოხელა ხანდაზმულებისთვის და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის დახმარების აქცია ისევ გრძელდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დეველოპერულმა კომპანიამ „არქი“ თბილისის მერიას სოციალურად დაუცველი 500 ოჯახისთვის განკუთვნილი ნობათები გადასცა. პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე „არქის“ დამფუძნებელ ილია წულაიასთან და მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად გაეცნო.
კახა კალაძემ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მხარდაჭერის პროგრამაში ჩართულ კომპანიებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
თბილისის მერის თქმით, კომპანიების მხრიდან მხარდაჭერის პარალელურად, თბილისის მერიამ უკვე შეძლო დამატებითი თანხების მობილიზება სხვადასხვა სოციალური საჭიროების მქონე მოსახლეობის დასახმარებლად.
„ჩვენ ვაგრძელებთ დახმარების პროექტს. შევქმენით სპეციალური პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია ჩაერთოს აქციაში და დავეხმაროთ ოჯახებს, ვისაც ამ პერიოდში ყველაზე მეტად გაუჭირდა. გარდა ბიზნესისა, მუნიციპალიტეტმა გამოყო სარეზერვო ფონდში თანხა, რომელიც მიმართული იქნება პროდუქტების შესაძენად. პროდუქტები დაურიგდებათ იმ ადამიანებს, იმ ოჯახებს, რომლებსაც სჭირდებათ ჩვენი მხრიდან თანადგომა. მინდა მადლობა გადავუხადო დეველოპერულ კომპანიას „არქი“, რომელმაც 500 ოჯახისთვის მოიტანა პროდუქტები. ისინი მომდევნო დღეების განმავლობაში დარიგდება. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო მოქალაქეებს და ბიზნესსექტორს, ჩაერთონ ამ ძალიან კეთილ საქმეში. სოლიდარობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. დავეხმაროთ და დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით ამ გაჭირვების დროს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„არქის“ დამფუძნებელ ილია წულაიას განცხადებით, „დღევანდელი დღე არის სოციალური პასუხისმგებლობა, რომელსაც კომპანიები გამოხატავენ“.
„არქის“ სახელით 500-მდე ყუთი მოვიტანეთ. ძალიან კარგი ინიციატივა აქვს მერიას. თბილისის მერიის ინიციატივით, აპრილსა და მაისში მსგავს ღონისძიებებში ვმონაწილეობდით. დარწმუნებული ვარ, ბევრი კომპანია შემოგვიერთდება“, – განაცხადა „არქის“ დამფუძნებელმა, ილია წულაიამ.
მარტოხელა ხანდაზმულებისთვის და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის დახმარების აქციას ამ ეტაპზე 25-ზე მეტი ბიზნესკომპანია შეუერთდა.