სოციალურ ქსელში ვრცელდება ზურაბ ჯაფარიძის მორიგი განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილს და სანდრო რაქვიაშვილს ცივილიზებული ფორმით დაშორება შესთავაზა, პასუხად კი, მიიღო რჩევა, „დაოკებულიყო“
სოციალურ ქსელში ვრცელდება ზურაბ ჯაფარიძის მორიგი განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილს და სანდრო რაქვიაშვილს ცივილიზებული ფორმით დაშორება შესთავაზა, პასუხად კი, მიიღო რჩევა, „დაოკებულიყო“

სოციალურ ქსელში „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მორიგი განცხადება ვრცელდება, რომელშიც ის პარტიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ ესმის ყველა ადამიანის, ვისაც „ერთობის შენარჩუნება სურს, მაგრამ, სამწუხაროდ, რესურსი ამოწურულია“.

რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას, იგი შემდეგი შინაარსისაა:

„სალამი მეგობრებო, კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შექმნილი სიტუაციის გამო. თუ ვინმეს პასუხისმგებლობაა ეს – ჩემია, მაგრამ გარკვეული გადაწყვეტილებებია მისაღები, რომელთა დროში გაწელვაც „გირჩს“ მხოლოდ დააზიანებს. მესმის ყველა იმ ადამიანის, ვისაც ერთობის შენარჩუნება სურს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეგ რესურსი ამოწურულია. თუ რამის გაკეთება შესაძლებელი იყო ამ მხრივ, ყველაფერი გავაკეთე ბოლო წლებში. ამიტომ, ტყუილად ნუ დაიტოვებთ ფუჭ იმედებს და ნუ წარმოიდგენთ, თითქოს ეს ყველაფერი ერთ დღეში მოხდა და ახლა დალაპარაკებით განიმუხტება.

გუშინწინ საღამოს მე მქონდა საუბარი იმ ადამიანებთან, ვინც ჩაუყარა საფუძველი „გირჩს“, ვინც წლებია, საკუთარი დრო, ენერგია და ცხოვრება ჩადო „გირჩში“, ვინც ჩემთან ერთად შექმნა და ჩაატარა მთელი წინასაარჩევნო კამპანია წელს, სექტემბერ-ოქტომბერში, ვინც არასოდეს ჩანდა წინა პლანზე, თუმცა აკეთებდა ფასდაუდებელ საქმეს „გირჩისთვის“. განხილვის თემა იყო „გირჩის“ მომავალი.

ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია „გირჩის“ ყველა რესურსზე, მაგრამ ვთვლით რომ სახელი „გირჩი“, ისევე როგორც „გირჩის“ ფბ გვერდი, უნდა დარჩეს ჩვენთან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ – ერთიც და მეორეც გოგა ხაჩიძის შექმნილია. გუშინ დილით მე მქონდა კომუნიკაცია იაგო/სანდრო/ვახოსთან, და შევთავაზე ცივილიზებული ფორმით დაშორება – ჩვენ გვრჩება მხოლოდ სახელი და პეიჯი, ხოლო მათ რჩებათ ყველაფერი დანარჩენი – ბიბლიური თავისუფლება თავის შემოსავლებით, პორტალი თავის ჯედებით, ვებგვერდი, ფბ ჯგუფები, ავეჯი, ინვენტარი და ა.შ. პასუხად მივიღე: ჯერ რჩევა რომ „დავოკებულიყავი“, შემდეგ მუქარა რომ „გავნადგურდებოდი“, შემდეგ ეჭვი, რომ შესაძლოა „სუს-ის კაცი“ ვიყო, ბოლოს კი, ისევ რჩევა რომ ჩემი ნებით წავსულიყავი „გირჩიდან“, რადგან სახელში უკვე მიწერია „გირჩი“ და ეგ უნდა ვიმყოფინო ამ პასუხიდან გამომდინარე.

დღეს კიდევ ერთხელ, ამჯერად საჯაროდ, ვთავაზობ ამ ადამიანებს ცივილიზებულ გაყრას ჩვენ პრეტენზიას ვაცხადებთ მხოლოდ სახელსა და ფბ გვერდზე, მეტიც, ვთავაზობთ რომ ეს საკითხი – ვის რჩება სახელი და ფბ გვერდი – გადაწყვიტოთ თქვენ, „გირჩმა“: ამ ჯგუფში მოწყობილი მარტივი პოლით ან პორტალზე ჯედებით კენჭისყრით. ორივეს გაკეთება უმარტივესია ტექნიკური თვალსაზრისით. პასუხი გვინდა დღის ბოლომდე. დადებითი პასუხის შემთხვევაში, ორივე ტიპის კენჭისყრა შესაძლებელია, გაკეთდეს ხვალვე, თუ თქვენი გადაწყვეტილება იქნება მათ სასარგებლოდ, ჩვენ უარს ვიტყვით ყველაფერზე და დავიწყებთ ნულიდან ამისთვისაც სრული მზაობა გვაქვს“.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“ აღარ აპირებს.

მოგვიანებით, ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ „გირჩი“ არ დაუტოვებია.

„მქონდა პირობები, რა პირობებშიც ვთავაზობდი, რომ ჩვენ გაგვეგრძელებინა საქმის კეთება, რაზეც მითხრეს, რომ ეს პირობები იყო მიუღებელი და ამის შემდეგ დავამთავრე ამ ადამიანებთან ურთიერთობა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.