სოციალურ ქსელში გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოსთან დაკავშირებით, შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოსთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი აცხადებს, თითქოს მას ხელმძღვანელი პირები სამსახურიდან წასვლას აიძულებენ.
მიმდინარე წლის 11 აგვისტოს გორის საპატრულო პოლიციაში ხელმძღვანელების მიერ აღნიშნულ თანამშრომელთან მისი შესაძლო დისციპლინური გადაცდომებისა და უკანონო საქმიანობის შესახებ ჩატარდა გასაუბრება, რამაც გამოიწვია პატრულ-ინსპექტორის უკმაყოფილება და გაღიზიანება.
ამ ეტაპზე პატრულ-ისნპექტორი თამაზ ჯოხაძე აგრძელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. პატრულ-ინსპექტორის მხრიდან შესაძლო დისციპლინური გადაცდომის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურეობრივი შესწავლის დასრულებისთანავე შედეგები დაინტერესებული პირებისთვის ცნობილი გახდება“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტში.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომელმა, თამაზ ჯოხაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც აღნიშნავს, რომ მისგან პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან წასვლას ითხოვენ. პოლიციელი ვიდეოში ამ ფაქტს უკავშირებს საკუთარი სიძის, გიორგი მეზვრიშვილის სახელს, რომელიც შიდა ქართლში დაცვის პოლიციის უფროსი იყო. თამაზ ჯოხაძისვე თქმით, გიორგი მეზვრიშვილი სამსახურიდან კახა საბანაძესთან მეგობრობის მოტივით გაათავისუფლეს.