სოციალისტური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ალექსანდრე სტოიანოგლომ მაია სანდუს დებატების გამართვა ნეიტრალურ პლატფორმაზე შესთავაზა
სოციალისტური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ალექსანდრე სტოიანოგლომ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას მაია სანდუს დებატების გამართვა „ნეიტრალურ პლატფორმაზე“ შესთავაზა.
მისი თქმით, ეს დაეხმარება მოქალაქეებს, „მიიღონ გაწონასწორებული, გააზრებული და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებები“.
„მივმართავ მაია სანდუს კონსტრუქციული წინადადებით. მოდით, მივცეთ მოქალაქეებს შესაძლებლობა, დამოუკიდებლად გააკეთონ დასკვნა ჩვენ შესახებ, ჩვენი პროგრამების, მიზნებისა და იდეების შესახებ. ამისთვის საუკეთესო გზა დებატებია, მაგრამ არა ხელისუფლებაზე დამოკიდებული მედიის პლატფორმაზე, არამედ ნეიტრალურ პლატფორმაზე. დაე, იყვნენ მოდერატორები თქვენგან და ჩემგან. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი მიდგომით ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ მეტი არგუმენტი გაწონასწორებული, გააზრებული და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მისაღებად. მოლდოვას დაპირისპირებებისა და შიდა კონფლიქტების ლიმიტი ამოეწურა. დადგა დრო, გავერთიანდეთ და ვიპოვოთ საერთო ენა საერთო მიზნების მისაღწევად“, – განაცხადა სტოიანოგლომ ბრიფინგზე.
მანამდე მოლდოვის მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ კონკურენტი წინასაარჩევნო დებატებზე მიიწვია.
ბოლო მონაცემებით, მაია სანდუს ხმა ამომრჩეველთა 42,33%-მა მისცა. მისმა მეტოქემ, სოციალისტური პარტიის კანდიდატმა, ალექსანდრე სტოიანოგლომ მიიღო ხმების 26,05%. მესამე ადგილზეა „ჩვენი პარტიის“ კანდიდატი რენატო უსატი (13,77%). დანარჩენმა კანდიდატებმა 6%-ზე ნაკლები ხმა მიიღეს.