„სოციალ-დემოკრატიული პარტია“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას იწყებს
„სოციალ-დემოკრატები“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას იწყებს. სამომავლო ხედვებზე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა ისაუბრა.
დეპუტატის თქმით, 30 ნოემბერს პარტიის ყრილობა გაიმართება, სადაც გუნდს წარადგენენ.
„მომავალი არჩევნები საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი უნდა გახდეს. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე მთავარი პრობლემა ვერ გადაწყდა, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. ეს არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ვერ გადაწყდა, რადგან ყველა ხელისუფლება, რომელიც ჩვენ გვყავდა, ერთსა და იმავე არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებდა. ამ პოლიტიკის შედეგია მასიური სიღარიბე და მაღალი უთანასწორობა, რომელთა დაძლევა შეუძლებელია იმავე პოლიტიკით, რომელმაც ისინი წარმოშვა. აქამდე ყველა ხელისუფლება მიიჩნევდა, რომ სახელმწიფოს საქმე არ არის ეკონომიკური განვითარება. ჩვენი ხედვა საპირისპიროა. ერთი მხრივ, სახელმწიფო უნდა იყოს ეკონომიკური განვითარების მთავარი მამოძრავებელი და კოორდინატორი, ხოლო მეორე მხრივ, მან უნდა მოახდინოს ისეთი ტიპის ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა, რომელიც შეეხება ყველა მოქალაქეს და არა ერთეულებს, როგორც აქამდე“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ აქამდე არსებული ლიბერალური პოლიტიკა სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკით უნდა შეიცვალოს.
„ჩვენ ვაპირებთ, 2020 წლის არჩევნებში გავიმარჯვოთ და განვახორციელოთ ეს ცვლილება. გვაქვს განსხვავებული ეკონომიკური განვითარების ხედვა“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.