სნოს მოსახლეობა ქსანი-სტეფანწმინდის მაღლი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობას აპროტესტებს
ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში, ადგილობრივები ქსანი-სტეფანწმინდის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობას ორი დღეა, აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები მშენებლობისთვის სხვა ალტერნატიული ტერიტორიის შერჩევას ითხოვენ.
სნოს მოსახლეობა აცხადებს, რომ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი მათი საცხოვრებელ სახლების მიმდებარე ტერიტორიებს, ეზოს გაივლის და ისინი საკუთარი მიწის ნაკვეთების გამოყენებას ვეღარ შეძლებენ, რადგან 500 კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი მათი ჯანმრთელობისთვის საშიშია.
მოსახლეობა სამუშაოების შეჩერებას უმოკლეს ვადებში ითხოვს.
მოსახლეობის განმარტებით, ისინი კომპენსაციაზე უარს აცხადებენ. მათივე თქმით, კომპანიისგან კომპენსაციები მიიღეს იმ პირებმა, რომლებსაც სოფელში მიწები თაღლითური გზით აქვთ გაფორმებული და ისინი უკანონო მფლობელები არიან.
„ენერგოტრანსის“ ტექნიკური დირექტორის, ჯემალ ახალაიას თქმით, ელექტროგადამცემი ხაზები სნოს მოსახლეობას არანაირ საფრთხეს არ უქმნის და კომპანიას ყველა საჭირო დოკუმენტი აქვს.
„ჩვენი ნორმები სამჯერ უფრო მკაცრია ვიდრე საერთაშორისო ნორმები, რადგან განაპირა სადენიდან შენობა ნაგებობამდე დაშორება უნდა იყოს 30 მეტრი. ამ მოსახლეების სახლებიდან სადენები 33-37 მეტრით არის დაშორებული. ეზოებზე, სადაც ელექტროგადამცემის ხაზი გადადის მიწის ზედაპირიდან 50 მეტრითაა დაშორებული, ეს ნორმები საერთაშორისო ნორმებზე მეტად მკაცრია, რადგან სხვა ქვეყნებში ელექტროგადამცემი ხაზი შეიძლება იყოს 13 მეტრი, შესაბამისად, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის, ამერიკის ჯანდაცვის სამინისტროს გამოკვლევების შესაბამისად ამ მანძილზე ელექტრო გადამცემი ხაზები ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი არ არის. ჩვენ ამ პრობლემასთან დაკავშირებით, დაახლოებით 6-7 თვის განმავლობაში ვიცოდით და მოსახლეობასთან საუბრები გვქონდა, ისინი ინფორმირებული იყვნენ. ასევე გვქონდა მცდელობა, რომ ელექტროგადამცემი ხაზი მოგვეშორებინა 40-45 მეტრით, რაც ტექნიკურად შესაძლებელია, თუმცა, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ხაზი გადავა ყაზბეგის ეროვნული პარკის დაცულ ტერიტორიაზე, სადაც არის გაშენებული ხეები, რომელებიც შეტანილია წითელ წიგნში და მათი გაჩეხვა კატოგორიულად აკრძალულია და წარმოუდგენელიც არის“, – განაცხადა ჯემალ ახალაიამ.